English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ თენგიზ ქავთარაძე
კლასტერების ფუნქციონირების გამოცდილება აშშ სოფლის მეურნეობაში და მისი განზოგადება საქართველოში

რეზიუმე

თანამედროვე პრაქტიკაში ნაკლებად არის შესწავლილი რეგიონული კონკურენტუნარიანობის მექანიზმი და კლასტერების როლი. კლასტერების განხილვა უნდა მოხდეს სხვადასხვა კონცეპტუალური მიდგომების მიხედვით: ინოვაციური პროცესი, სოციალური კაპიტალი, ეკონომიკური გეოგრაფია და სხვა.

საკვანძოსიტყვები: ინოვაციური კლასტერი, რეგიონული კონკუტემტუნარიანობა, ვერტიკალური კოორდინირება, ინოვაციური მოდელი, მენეჯმენტი.

საინოვაციო საქმიანობა წარმოადგენს ქვეყნის განვითარების იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის წარმატებულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა და ბაზრის შევსება საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახის კონკურენტუნარიანი პროდუქტით.

ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-ში განსაკუთრებით გაიზარდა კონკურენტუნარიანობის პრობლემის მიმართ ინტერესი, რაც ნაწილობრივ აიხსნება იმ გარემოებით, რომ ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის მზარდი სტანდარტები. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორის მ. პორტერის აზრით, კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს ცალკეული კომპანიების, ეკონომიკური დარგების, რეგიონების, ერების ან მეზობელი ქვეყნების ჯგუფების უნარს, მიაღწიონ შემოსავლების მიღებისა და დასაქმების მაღალ დონეს საერთაშორისო კონკურენციის პირობებში. ეს მიდგომა ხელსაყრელია რეგიონების, სახელმწიფოების ან ქვეყნების ჯგუფებისათვის იმ მიზეზით, რომ ის შეესაბამება აღნიშნული ერთეულების მთავარ მიზანს, კერძოდ ცხოვრების დონის ამაღლების დანიშნულებას.

* * *

რეგიონული კონკურენტუნარიანობის კვლევისას გადასაწყვეტია შემდეგი ამოცანები: გლობალიზაციის პროცესის მიზნების და მამოძრავებელი ძალების ანალიზი; კონკურენტუნარიანობის არსის განსაზღვრა ტერიტორიულ ერთეულებთან მიმართებაში; რეგიონალური კონკურენტუნარიანობის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების გეოეკონომიკური ხედვა; კლასტერების კონცეფციის თეორიული საფუძვლების შემუშავება და მათი როლი რეგიონულ კონკურენტუნარიანობაში.

რეგიონული კონკურენტუნარიანობა თავისი არსით  არის ტერიტორიული ერთეულის კონკურენტუნარიანობა, რომელსაც აქვს განსაზღვრული პოლიტიკურ-ეკონომიკური საზღვრები და აფიქსირებს აღნიშნულის განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურების კონკურენტუნარიანობასთან შედარებით. თანამედროვე პრაქტიკაში ნაკლებად არის შესწავლილი რეგიონული კონკურენტუნარიანობის მექანიზმი და კლასტერების როლი რეგიონულ კონკურენტუნარიანობაში. კლასტერების განხილვა უნდა მოხდეს სხვადასხვა კონცეპტუალური მიდგომების მიხედვით: ინოვაციური პროცესი, სოციალური კაპიტალი და ეკონომიკური გეოგრაფია.

კლასტერის გეოგრაფიული მასშტაბები შეიძლება იცვლებოდეს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის ან მეზობელი ქვეყნების მიხედვით. კლასტერი შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ფორმით. მზა პროდუქტების მწარმოებელი ან მომსახურეობით დაკავებული ფინანსური ინსტიტუტები და სხვა. კლასტერული პოლიტიკა, ჩვეულებრივ ლიბერალური და დირიჟისტული მოდელების ჩარჩოში ხორციელდება. ამ ორ მოდელს შემდეგი პრინციპული თავისებურება ახასიათებს: ლიბერალური კლასტერული პოლიტიკა ითვალისწინებს ბაზრის ზემოქმედების ჩამოყალიბებული კლასტერების შექმნას, ხოლო დირიჟისტულ მოდელს კლასტერების შერჩევა დარგობრივი და რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით, სახელმწიფო დონეზე ხდება. დირიჟისტული პოლიტიკა კლასტერისათვის, რეგიონის და მისი დაფინანსების მოცულობას განსაზღვრავს. ლიბერალური კლასტერული პოლიტიკის ძირითადი მიმდევრები არიან: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი; დირიჟისტულის ჴ საფრანგეთი, ფინეთი, იაპონია, კორეა, შვედეთი.

ბოლო პერიოდში მიმდინარე ეკონომიკურ კვლევებში, როგორც ფირმის ისე რეგიონის სოციალურ ეკონომიკური განვითარება უშუალოდ დამოკიდებულია ინოვაციური პროცესის შესწავლაზე. ამასთან, ითვალისწინებენ კლასტერში სოციალური კაპიტალის დიდ მნიშვნელობასაც. სოციალური კაპიტალი ადამიანური კაპიტალის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით იქმნება და ხდება მისი გადაცემა კულტურის ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა რელიგია, ტრადიციები, და სხვა წეს-ჩვეულებები. სოციალური კაპიტალი არათანაბრად არის განაწილებული სხვადასხვა საზოგადოებებსა და ტერიტორიებს შორის. სოციალური კაპიტალი ერთმანეთთან აახლოებს კლასტერის მონაწილეებს და მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საქონლისა და მომსახურეობის შექმნის პროცესში.

ლიტერატურაში გამოყოფენ კონკურენტუნარიანობის შეფასების სამ დონეს. მიკრო დონეზე კონკურენტუნარიანობის შეფასების ობიექტად წარმოდგენილია ფირმები და საქონელი. მეზო დონეზე დარგები და კომლექსები, ხოლო მაკრო დონეზე ჴ ქვეყნები. სხვადასხვა დონის ობიექტების კონკურენტუნარიანობის შეფასება ერთმანეთთან არის დაკავშირებული, უფრო მეტიც დამოკიდებულია ერთმანეთზე, რაზეც მრავალი მკვლევარი მიუთითებს. მ. პორტერის წიგნში (საერთაშორისო კონკურენცია) (1993) რეგიონი განხილულია, როგორც ფირმის კონკურენტუნარიანობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი გარემო. რეგიონი, როგორც გარემო, განაპირობებს ფირმების კონკურენტუნარიანობას. ეს არის ადგილობრივი ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა შორის მთავარია: მომთხოვნი მომხმარებლები, ძლიერი კონკურენტები, ძლიერი ნედლეულის მომწოდებლები და დამხმარე დარგების კომპლექსები. ეს ერთობლიობა (სამრეწველო კლასტერი) ცნებაში ინტეგრირდება, რომელიც თავის მხრივ გვაძლევს, ურთიერთმოქმედების სინერგიას და აყალიბებს კონკურენტუნარიან ფორმებს. ამრიგად რეგიონის კონკურენტუნარიანობა ნიშნავს რეგიონის უნარს გამოავლინოს, შექმნას, გამოიყენოს და შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობა სხვა რეგიონების მიმართ. რეგიონის ინოვაციური სექტორის კონკურენტუნარიანობა გვიჩვენებს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ერთობლიობას სხვა რეგიონებთან შედარებით.

კლასტერები ჩვეულებრივ სხვადასხვა ზომის საწარმოებს აერთიანებენ, რომელთა მფლობელობის მოტივაცია საკმაოდ განსხვავებულია. აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ამ ფაქტორს სათანადო ყურადღება ეთმობა. მრავალი მცირე და საშუალო ფირმისათვის მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა შეიძლება მიუღებელი იყოს. კერძო საწარმოები ვითარდებიან ინდივიდუალიზმისა და ფხიანობის საფუძველზე, ამიტომ მათი მფლობელები კონკურენტებთან, მიმწოდებლებთან ან კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზად არ არიან. შესაბამისად, უპირველესად, საჭიროა კერძო საწარმოთა მფლობელების (ხელმძღვანელების) სტრატეგიული აზროვნების მაღალი დონის ჩამოყალიბება. მათ უნდა გადაწყვიტონ 2 ძირითადი საკითხი: რა დონის თანამშრომლობისათვის  არინ მზად და რა შედეგს ელიან ამ თანამშრომლობისაგან. კლასტერში შესვლის სუსტი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ, აგრეთვე კარგად განვითარებული კავშირების მქონე მსხვილ საწარმოებს, რადგან მთავარია მათთვის მოგების მიღება. მცირე და საშუალო საწარმოებთან მუშობა კი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. რეგიონალური კონკურენტუნარიანობის განვითარების მიზნით, უფრო ძლიერ ეკონომიკურ სტრუქტურებში მცირე ბიზნესის ინტეგრირების ხელშეწყობის განვითარებისათვის, მიზანშეწონილია ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმების გამოყენება. აშშ-ს სოფლის მეურნეობაში რეგიონალური კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ადგილი აქვს მომგებიანი მრეწველური საწარმოების ინტეგრაციას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებთან და კულტურებთან.

ამ მხრივ საინტერესოა აშშ-ს პურფუნთუშეულის კლასტერის გეოგრაფიული მასშტაბები. იგი ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, მზა პროდუქციის მწარმოებელი პრაქტიკულად 20 ყველაზე მსხვილი მათ შორის 5 ათასი საბითუმო პურსაცხობები აწარმოებენ ყველა სახის პურფუნთუშეულის ნაწარმის 45%. ასეთი კლასტერული ფირმების პოზიცია ბაზარზე ძალიან ძლიერია. ყოველ მათგანს მთელ ქვეყანაში ჩვეულებრივად გააჩნია საკუთარი ფართო სარეკლამო სავაჭრო მართვის ქსელი. ასეთი კომპანიების პროდუქციის მომსახურების ასორტიმენტი ძალზე ფართოა. ისეთი მსხვილი პურსაცხობი კომპანიები, როგორიც არის "ნაბისკო” და "სანშაინბეიკინგი” ჯერჯერობით არა საკმარისადაა ინტეგრირებული ფირმებთან, რომლებიც ახორციელებენ ამა თუ იმ სტადიაზე ხორბლის გასაღების პროცესის გაძღოლას. იმისათვის, რომ კონკურენციულ ბრძოლაში წინ აღუდგნენ ასეთ გიგანტურ კომპანიებს, ბევრი წვრილი დამოუკიდებელი პურსაცხობები ერთიანდებიან კოოპერატივებში ("ქვოლითიბეიკერს”, "ოფ ამერიკა კოოპერატივ”, "ამერიკენ ბეიკერ კოოპერატივ”, "ინტერპრენდტ ბეიკერს”). აშშ-ში კოოპერატივების წილად ოთხმოცდაათიან წლებში საშუალოდ მოდიოდა 30% პურფუნთუშეული პროდუქციის გასაღება; ხორბლის წარმოების, გადამუშავების და გასაღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დამოუკიდებელი ფირმები. აღნიშნულ პერიოდში მათზე მოდიოდა ხორბლის წარმოების 60%, 45% მარცვლეული მიეწოდებოდა ადგილობრივ ელევატორებს, მარცვლეულის 35% მიეწოდებოდა ცენტრალურ ელევატორებს, 20% მარცვლეული გადიოდა ექსორტზე; ფქვილის წარმოების მრეწველობაში დამოუკიდებელი ფირმების ხვედრითი წილი შეადგენდა - 19%, პურსაცხობებში ჴ 15%, საცალო ვაჭრობაში -10%; სოფლად კონკურენტუნარიანი კლასტერული განვითარების თვალსაზრისით ადგილი აქვს მსხვილი მონოპოლიების ფუნქციონირებას (რომლებიც თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან იღებენ დიდძალ მოგებას), რომლებიც აფინანსებენ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. მაგალითად უმსხვილესი ნავთობმონოპოლიის  "სუპეროილის” შვილობილი კომანიის ფირმის "სუპერიოგ ფარმინგ” ჴის მფლობელობაშია 14 ათასი ჰა ბაღი და ვენახი კალიფორნიისა და არიზონის შტატებში. მიწის მთელი ფართობი განაწილებულია 49 ნაკვეთად, მათგან 6 ნაკვეთი მდებარეობს მადერა ფრესნოს რაიონში, სადაც მოყავთ მაღალი ხარისხის ვაშლი, ატამი, ციტრუსი, ყურძენი, გარგარი, მსხალი და ქლიავი. 39 ნაკვეთი მდებარეობს მეკერსფილდას ირგვლივ, სადაც აწარმოებენ ხილის 15 სხვადასხვა სახეობას; არიზონის შტატის ტუსინის რაიონში დამშრალი მიწების ზონაში განთავსებულია სათბურები, სადაც მთელი წლის განმავლობაში მოყავთ პომიდორი და ბაზარზე გასაყიდად ყოველდღიურად გაიტანება 45 ტონა პომიდორი. ფირმა ახორციელებს ინოვაციებს მეცნიერების უახლესი მიღწევების გამოყენებით, წარმოების განახლების თვალსაზრისით.  წარმოების ყველა სტადიაზე ისინი ფლობენ საირიგაციო სისტემის უმაღლეს აგროტექნიკას, რომელიც განაპირობებს ხილისა და ბოსტნეულის მყარ, მაღალ მოსავალს. მაგალითად, დახურული გრუნტის სასათბურე მეურნეობებში პომიდვრის მოსავალი 8-ჯერ მაღალია ღია გრუნტის მეურნეობებთან შედარებით. სათბურები განლაგებულია აეროდრომებთან სიახლოვეს და მიღებული ბოსტნეული თვითმფრინავებით მიეწოდება ქვეყნის რაიონებს. კომპანია "სუპერიორ ფარმინგ”-ის მმართველობითი სტრუქტურა ასახავს წარმოების ორგანიზაციის მაღალ დონეს. ინოვაციური თვალსაზრისით იგი წარმოადგენს ვერტიკალური კოორდინირების ტიპიურ ამერიკულ მოდელს. იგი მებოსტნეობაში მოიცავს არა მარტო ბოსტნეულის წარმოებას, არამედ მის გადამუშავებას, გასაღებას, ინფრასტრუქტურას. აგროსასურსათო გაერთიანებაში აწარმოებენ პროდუქციის დიდ ასორტიმენტს. ბევრი ასეთი გაერთიანება შედის მსხვილ კორპორაციაში, როგორც ვერტიკალური კოორდინირებული საწარმო. სამრეწველო გაერთიანების მმართველობა მოქმედებს იმავე პრინციით, როგორც მსხვილი სამრეწველო საწარმოები. აქ ადგილი აქვს წარმოების დეცენტრალიზაციას, საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობისაგან ოპერატიული ხელმძღვანელობის გამიჯვნას. ინოვაციური თვალსაზრისით წარმოების პროცესში ადგილი აქვს მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის განმეორებითი კავშირების შესწავლას,  სისტემური მიდგომების გამოყენებით.

ინოვაციური თვალსაზრისით მებოსტნეობა და განსაკუთრებით დახურული გრუნტის მებოსტნეობა მემცენარეობის მეტად რთული დარგია. იგი ემყარება მეცნიერულ ცოდნას, უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიას, შრომის და წარმოების ორგანიზაციის მართვის ზედმიწევნით სრულყოფილ მეთოდებს. რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარების რიგ კლასტერულ საწარმოებს მებოსტნეობაში არ გააჩნიათ მუშაობის სათანადო გამოცდილება და ორგანიზებას უწევენ საკუთარ პლანტაციებში დაქირავებული შრომის გამოყენებას. ხშირად ისინი ვერ აღწევენ წარმოების რენტაბელურად მუშაობას ეს საკითხი მეტად პრობლემატურია. მის მოგვარებას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად უდგებიან. მაგალითად, აშშ-ის მსხვილი ნავთობ მონოპოლიური ფირმა "ს.ს. პირს”-ი თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა დაკავებული იყო 800 ჰექტარ ფართობზე მარწყვის მოყვანით. სხვადასხვა მიზეზის გამო ამ უზარმაზარი ფართობიდან დაბალი იყო მარწყვის მოსავლიანობა და ხარისხი. მნიშვნელოვნად გაეზარდათ სამუშაო ძალის დანახარჯები. მარწყვის წარმოებიდან მიღებულმა ზარალმა სამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. წარმოება გაკოტრდა და წავიდა სოფლის მეურნეობიდან. კომანია "პირელსი” არის აშშ-ის ფლაგმანი კომპანია ჴ საყოფაცხოვრებო ქიმიაში. მან შეიძინა კალიფორნიასა და არიზონაში მიწის დიდი ფართობები. დაიწყო ადრეული ბოსტნეულისა და სალათა "ლატუკის” წარმოება. სალათაზე ფასების მნიშვნელოვანმა დაცემამ, პროდუქციის წარმოებიდან მიღებული მოგება უმნიშვნელო გახადა. ფირმამ უარი თქვა 4,5 ათასი ჰექტარი ფართობების არენდაზე და თავისი საკუთარი 500 ჰექტარი მიწის ფართობიც გაყიდა. კომპანიამ 800 ჰექტარ მიწის ფართობზე სალათა "ლატუკის” წარმოებას ლიკვიდაცია უყო.

საბაზრო ურთიერთობებმა თვისობრივად შეცვალა ინოვაციურ სისტემებში კლასტერიზაციის, როგორც რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარების მუშაობის მართვის მექანიზმი. იგი მკაცრი საგეგმო სისტემის ორიენტაციიდან სულ უფრო მზარდ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას იღებს. შეიცვალა საწარმოთა საკუთრების ფორმები. შესაბამისად განახლდა მართვის ფუნქციები, როლი და ამოცანები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საწარმოებმა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირებისათვის, მეტად რთული სამუშაოები განახორციელეს, რომელიც პრაქტიკულად სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო სამართლებრივი ნორმებისა და მეურნეობის მექანიზმის სრულყოფის საფუძველზე მოხდა.

განვითარების თანამედროვე პოსტინდუსტრიული და ინოვაციური მოდელი ცოდნის ეკონომიკასა და მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებზეა დაფუძნებული. მასში მ,თავარი აქცენტი ახალი საწარმოო სისტემების დანერგვაზეა გადატანილი. აღნიშნულის შედეგად ეკონომიკური განვითარების მართვის დარგობრივმა მიდგომამ რომელიც განკერძოებულობას, საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სექტორისა და სეგმენტის წინააღმდეგობას იწვევს, აქტუალობა დაკარგა. სამეურნეო ობიექტის მართვამ ქსელური ხასიათიი მიიღო. თანამედროვე ეტაპზე რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარების ეფექტიანობა კლასტერიზაციისა და სხვა ქსელური საწარმოო სისტემების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. იგი იძლევა გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას. ამ თვალსაზრისით ჩვენ შემოვიფარგლეთ მხოლოდ იმერეთის რეგიონის კონკურენტუნარიანობის შესწავლით. ვინაიდან Q. ქუთაისი წარმოადგენს საქართველოს დასავლეთი რაიონების არა მარტო გეოგრაფიულ ცენტრს, არამედ მრეწველობისა და სოფლის მეეურნეობის განვითარების მძლავრ რეგიონს. ბიზნესს შესაძლებლობა აქვს დიდი ეკონომიკური ეფექტით გამოიყენოს  კლასტერიზაცია რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარების მიზნით და აითვისოს ტერიტორიის წიაღისეული სიმდიდრეები, სასოფლო სამეურნეო და ენერგეტიკული რესურსები. Eეს რესურსებია:

-    ქუთაისიდან 30-35 კმ-ის დაშორებით ტყიბულის ქვანახშირის საბადო: ქალაქის სამხრეთ დასავლეთ მხარეს მდებარე ჩხარი-აჯამეთის მანგანუმის მადნის საბადოები;

-    ქალაქის უშუალო მისადგომებთან გელათის ქვანახშირის საბადოები;

-    ქალაქის მიდამოებში ქიმიური მრეწველობის ძვირფასი ნედლეული ჴ ბარიტი;

-    ქუთაისის მიდამოებში ბეტონოტური თიხები (გუმბრინი);

-    ქუთაისის მახლობლად (ბანოჯა, ხომული, მედიაური, გელათი) მარმარილოს საბადოები;

-    ქუთაისის მიდამოებში (სოფ. ჭოგნართან) ეკლარის კირქვა;

-    ქუთაისის მახლობლად (სოფ. კურსები) კურსების ტესენიტის საშენი მასალა;

-    ქუთაისის აღმოსავლეთით (ბოილის ქედის მიდამოებში) სონგოლიტები და ქალსედონი (სილიკატური აგურის წარმოებისათვის საჭირო ძვირფასი ნედლეული);

-    ქუთაისის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბაზალტების მარაგი;

-    ქუთაისსა და მის მიდამოებში ფართოდაა გავრცელებული დოლომიტები და დოლომიტიზებული კირქვების, ქვიშებისა და ქვიშა კირქვების საბადოები;

-    ქუთაისში (გოჭოურა) საუკეთესო ნედლეულია მაღალ-ხარისხოვანი კერამიკული თიხის სახით, ასევე ქუთაისის ახლოს, რიონ-სორმონის და ჯვარისის მიდამოებში აღმოჩენილია ცეცხლგამძლე თიხის საბადოები.

-    ქუთაისის მახლობლად წყლის გარკვეული რესურსები მინიჰესების ასაგებად და ა.შ.

ასეთი სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება იმერეთის რეგიონი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა მიმართულებებით განვითარების მხრივ, რაც შესაბამისი გეგმების პროგნოზებსა და პროგრამებში უნდა აისახოს. მაგრამ, ცხადია, მეწარმეობა ვერ განვითარდება ქვეყანაში, რეგიონებში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. უფრო კონკრეტულად განვითარებადი საბაზრო ურთიერთობების რთული სისტემის პირობებში, შეუძლებელია კლასტერიზაციის, როგორც რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი შესატყვისი საბაზრო ურთიერთობების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გარეშე. საჭიროა სახელმწიფო და რეგიონალურ დონეზე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის სტიმულირების მთელი სისტემის შექმნა და ამოქმედება. პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა ქვეყნისა და რეგიონების სეციფიკური თავისებურებათა რეალური ხელშემწყობი პირობებით უზრუნველყოფისათვის.

იმერეთის (ქუთაისი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგოული, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონები) რეგიონში აწარმოებენ ტექნიკური ყურძნის მაღალხარისხოვან ჯიშებს, რომლებისგანაც მზადდება საუკეთესო სუფრის თეთრი და წითელი ღვინოები, შამპანურისა და კონიაკების ღვინო მასალები. იმერეთის რეგიონის მევენახეობა ძირითადად წარმოდგენილია ყურძნის შამპანური ჯიშებისაგან,  კერძოდ, ცოლიკაურის, ციცქა და კრახუნისაგან, რომლებსაც ვენახის მთლიან ფართობებში 70% უკავია. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ იმერეთში არა მარტო ზემოთ დასახელებულ პერსპექტიულ ჯიშებს, არამედ ისეთ სტანდარტულ მაღალხარისხოვან ჯიშებს, როგორიცაა, ოჯალეში, ჩხავერი, გორული მწვანე, ძველშავი, უსახელაური და სხვა ძლიერ ცოტას ან სრულებით არ აშენებენ. თუ დროულად არ იქნება მიღებული გადამწყვეტი ზომები, მაშინ უახლოეს მომავალში მხოლოდ ორი-სამი თეთრ ყურძნიანი ჯიში (ცოლიკაური და ციცქა) დაიკავებენ იმერეთის მევენახეობის მთელ ფართობს. და მიუტევებლად გაღარიბდება ჩვენი ვაზის ჯიშების მდიდარი შემადგენლობა.

იმერეთის ზონა (ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონები) ცნობილია მაღალხარისხოვანი ჩაის ფოთლის წარმოებით. მიწების პრივატიზაციის შედეგად სოფლად მცხოვრებ თითოეულ ოჯახს დაურიგდათ ერთ ჰა-მდე მიწის ფართობი. კვლევის შედეგად ძნელი დასადგენია სოფლად მცხოვრებ თითოეულ ფერმერულ ოჯახს ვაზისა და ჩაის ნარგაობებში შეაქვთ თუ არა ნორმით გათვალისწინებული ძვირად ღირებული მინერალური სასუქების კომპლექსი. ძნელი დასადგენია ფერმერულ ოჯახურ მეჩაიეობაში წელიწადში რამდენჯერ აწარმოებენ ჩაის ბუჩქის მათ შორის შპალერულად გასხვლას. ჩაის პლანტაციაში თუ აწარმოებენ ჩაის ტექნიკურად მწიფე დუყების შერჩევით კრეფას; ჩაის მავნებლებისა და ავადმყოფობის წინააღმდეგ არ ტარდება აუცილებელი საკარანტინო და სანიტარულ პროფილაქტიკური (აგროტექნიკური), ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსი, რადგან გლეხურ მეურნეობებს მათი ჩატარების ეკონომიკური შესაძლებლობა ნაკლებად გააჩნიათ. იმერეთის რეგიონში ჭიათურის რაიონის მუხურის ზონაში ტრადიციულად არის ხარისხოვანი ვაშლის გაშენების იდეალური პირობები. იმერეთის რეგიონში ასევე კარგი პირობებია ტრადიციული მომთაბარე მეღორეობის განვითარებისათვის.

დასკვნა

იმერეთის აგრარულ სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, რომლის ეფექტიანი გამოყენების პერსექტივები რეგიონული აგრარული კლასტერების შექმნითაა შესაძლებელი. კლასტერში, ერთი მხრივ შერწყმული უნდა იყოს კონკურენცია და მეორე მხრივ, ყველა სუბიექტის მჭიდრო თანამშრომლობა და კოლეგიალურობა. ამ მხრივ ყურადსაღებია აშშ კლასტერული რეგიონული კომკურენტუნარიანობის გამოცდილების განზოგადება საქართველოში. მაგალითად, აშშ უმსხვილესი ნავთობ მონოპოლიებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ფლაგმანი კომპანიების მსგავსად კარგი იქნებოდა თუ იმერეთის რეგიონის მსხვილი მომგებიანი მრეწველური საწარმოები კლასტერში შესვლით, გადაწყვეტდნენ ურთიერთხელსაყრელი პირობებით თანამშრომლობას.: მევენახეობის, მეჩაიეობის, მებაღეობის, მეცხოველეობისა და სხვა მიმართულების ფერმერულ მეურნეობებთან.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის კლასტერიზაციის რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარების მიზნით, ინტეგრირების სხვადასხვა ფორმებიდან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფრენშაიზინგის გამოყენებასა და ბიზნეს-ინკუბატორების შექმნას. მათი გამოყენებით ერთობლივი ბიზნესისათვის გარანტირებული იქნება გასაღების ბაზრები, მათ შორის გაიზრდება საგარეო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები. ამრიგად, რეგიონების სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში კლასტერიზაცია არის რეგიონული კონკურენტუნარიანობის განვითარების რეალური საშუალება. ამიტომ, იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობამ მას სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. ინოვაციები ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ. 2014.
  2. ამერიკის ეკონომიკა ჴ ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო. 2010
  3. რევიშვილი ზ. საქართველოს აგრარული განვითარებისა და პოლიტიკის თეორიული საკითხები თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ.2015
  4. რუხაძე ს. აშშ-ის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბ. 1994.
  5. ქავთარაძე თ. აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო “მეცნიერება”, თბ. 2003
  6. ქისტაური ნ. ინოვაციებისა და ცვლილებების მართვის თანამედროვე პრობლემები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ. 2015.
  7. ხარაიშვილი ე. ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა ტ .II. თბ. 2012.
  8. ჩიქავა ლ. ინოვაციური ეკონომიკა. საგამომცემლო ფირმა სიახლე, თბ. 2006.
  9. www, fao, org/corp/statistics.
  10. Освоение иновации в агропромишленном комплексе опит и проблемы – М. : ФГУ РССК 2006 – 136.
  11. Changes in market organization and practices of the potato industry. Hastings Area. Florida 1958-1968. Washington, 1970.
  12. Kyle L.P. Business analysis summary for  potato farms 1973. East-lansing, 1974.